რაც ეს რჩევები გავითვალისწინე, ბედის ბორბალი ჩემს სასარგებლოდ დატრიალდა

გამართლება – ეს ის ფენომენია, რომლის ბოლომდე ამოხსნაც დღემდე ვერავინ შეძლო. რატომ უმართლებს ადამიანების გარკვეულ კატეგორიას სისტემატურად, ხოლო მეორე ნაწილი მუდმივი იმედგაცრუებით იტანჯება?

რატომ არ გვიმართლებს ცხოვრებაში

ღირს კი გამართლებაზე იმედების დამყარება? ოდითგანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანი გამართლებას და სწორედ ამ დამოკიდებულების გამო რამდენიმე ცრურწმენა დამკვიდრდა, რაც დღემდე ბევრისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

 

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტილის ცრურწმენა არსებობს. მრავალი მათგანი ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ ადამიანები ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად შავი კატა ბევრგან ითვლება უბედურების მომტან ნიშნად, საბერძნეთსა და თურქეთში კი ავი თვალისგან დამცავ თვალის ფორმის ამულეტს ატარებენ.

ინგლისელები კიბის ქვეშ სიარულს ერიდებიან. სამაგიეროდ სხვებისთვის ავისმომასწავებელი შავი კატა მათთან კარგ ნიშნად ითვლება. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ინგლიესელების ტრადიციები ძირითადად პოზიტივისკენ არის მიმართული.

რა თქმა უნდა არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვადასხვა სახის ცრურწმენებს, რადგან ტყუილად არ თქმულა – ვინც ეძებს, ის აუცილებლად იპოვნისო. როდესაც შავი კატა გადაგვირბენს და აუცილებლად ცუდზე ვიფიქრებთ, უმეტეს შემთხვევაში ნეგატიური ფონიც არ დააყოვნებს, ჩვენ მას აუცილებლად მოვიზიდავთ.

რატომ ხდება ასე? ყველაფერი ზედმეტად მარტივია – ყველაზე ხშრად ვამჩნევთ იმას, რისკენაც მიმართულია ჩვენი ფიქრები. რაც უფრო მეტად ვფიქრობთ კონკრეტულ გარემოებასა თუ მოვლენაზე, მით უფრო მეტი შანსია გადავეყაროთ მას. ცუდზე ფიქრის შემთხვევაში კი ეს აუცილებლად ნეგატიური იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ფიქრებმა გარე სამყარო შეცვალა, არამედ ჩვენი ტვინი ახარისხებს ინფორმაციას, აგდებს იმ მომენტში მისთვის ყველაფერ “არასაჭიროს” და ყურადღების კონცენტრაციას ახდენს იმაზე, რაც მუდმივ ფიქრებში და ფანტაზიებშია.

მაგალითად, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც მუდმივად ფიქრობს იმაზე თუ რატომ არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. აქ არ ღირს რაიმე ეზოთერიული ან პარანორმალური მიზეზების ძებნა. არამედ შესაძლოა საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები უმეტეს დროს სახლში, პასიურ მდგომარეობაში ატარებენ, არ გამოდიან კომფორტის ზონიდან და არ ცვლიან ნაცნობთა წრეს, არ ცდილობენ ახალი ადამიანები შემოუშვან ცხოვრებაში.

ბევრს უსიამოვნო გრძნობა მოიცავს სტატიის ამ ნაწილის წაკითხვისას, მაგრამ ეს ხომ ის გზაა, რითაც ვცვლით ბედს და გამართლების ბორბალს ჩვენს სასარგებლოდ ვატრიალებთ?

მაგალითისთვის – თქვენ გინდათ კარგი და მაღალანაზღაურებადი სამსახური, ხართ გამუდმებით ამაზე ფიქრში და ოცნებობთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როდესაც ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

სამწუხაროდ სასწაულები არ ხდება და მხოლოდ ფიქრით, სახლში ჯდომით, სერიალების ყურებით და ოცნებით გარშემო არაფერი შეიცვლება. სასურველი შედეგის მისაღწევად თქვენ ნებისმიერ ვარიანტში მოგიწევთ კომფორტის ზონის დატოვება, სანაცნობო წრის გაფართოება და გარესამყაროში პერსპექტივების ძებნა.

საკმარისია იმაზე ფიქრი და მკითხაობა თუ რატომ არ გიმართლებთ ცხოვრებაში. მორჩით ოცნებას და დაიწყეთ მოქმედება. იყოს ეს თავდაპირველად ძალიან პატარა ნაბიჯები. თუნდაც რამდენიმე საიტზე გაგზავნეთ თქვენი მონაცემები და ეძებეთ სასურველი სამსახური, მალევე დაინახავთ როგორ გამოანათებს სხვადასხვა შესაძლებლობები და დაინახავთ მრავალ ვარიანტს სწორედ თქვენი მოქმედების ხარჯზე და არა გამართლებით.

ამ დროს თქვენი ცნობიერება და აზრები კონკრეტული მიზნისკენ იქნება მიმართული და ახალი პერსპექტივების შემჩნევა ბევრად გაგიმარტივდებათ. თქვენ აღარ გაუშვებთ სასურველ შანსს, რადგან ტვინი მხოლოდ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ იქნება მიმართული და გადაპროგრამებული. თავში მოგივათ იდეები, რომლებიც აქამდე აზრადაც არ მოგდიოდათ.

სწორედ ამაშია გამართლების საიდუმლო – გამართლება არ არის მხოლოდ აზრები, არამედ ეს არის საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა. 

სცადეთ და შედეგიც არ დააყოვნებს!